კონსტანტინე ჯაფარიძე: მთავრობას არ აქვს უფლება ხელყოს კულტურული მემკვიდრეობა
- თბილისის ხმა
- Feb 12, 2016
- 2 min read

ჩვენ, თვალყურს ვადევნებდით ამ საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს და მთავრობის პოზიციას. იმედი გვქონდა, რომ კომპეტენტური პირები დაუყოვნებლივ ჩაერეოდნენ და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად ყველა საჭირო ღონეს იხმარდნენ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მთავრობის წარმომადგენლები, დღეს, თავიანთი განცხადებებით ყველანაირად ცდილობენ 13 დეკემბერს მომხდარი ბარბაროსული ფაქტის გამართლებას.
არც ერთ მთავრობას ან ცალკეულ პირს არ აქვს უფლება ერთპიროვნულად, ასე არარეალურად სწრაფ ვადებში გადაწყვიტოს ასეთი მაშტაბის ეროვნული საკითხი. კულტურული მემკვიდრეობის საკითხი არ უნდა წყდებოდეს კერძო კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი ქმედება სრულიად გაუმართლებელია. ეს არის საქართველო – ქვეყანა, რომლის კულტურაც და ისტორიაც ათასწლეულებს ითვლის. არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება ხელყოს კულტურული მემკვიდრეობა, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი, უგულებელყოს კომპეტენტური სპეციალისტების, მეცნიერების რჩევები და რეკომენდაციები.
საქართველოს არ გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსები. საქართველოს სიმდიდრეს მისი ისტორიული წარსული და კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს! ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებია. ამ დარგებს უნდა ხელმძღვანელობდნენ განსაკუთრებული მორალის, განათლების, სიღრმისა და პრინციპების ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოლებენ ქართული კულტურის დასაცავად და საჭირო დროს პრინციპულ გადაწყვეტილებას მიიღებენ კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. სამწუხაროდ, საყდრისის მაგალითზე ჩვენ ასეთი დამოკიდებულება ვერ დავინახეთ.
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, ჩვენ არ ვართ დარგის სპეციალისტები და არ ვერევით მეცნირულ პოლემიკაში. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ყოვლისმომცველი, ობიექტური საერთაშორისო გამოკვლევა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს საყდრისის მნიშვნელობა ისე, რომ საზოგადოებას არანაირი კითხვა აღარ დარჩეს. დაიდოს და ბოლომდე გასაჯაროვდეს კომპეტენტური კომისიის დასკვნა იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს საყდრისი და თუ ის მართლაც უძველესი ოქროს საბადოა, ყველანაირი გზა უნდა გამოიძებნოს იმისათვის, რომ საყდრისი გადარჩეს და იქ საერთაშორისო მნიშვნელობის არქეოლოგიურ – ისტორიული ძეგლი შეიქმნას.
აბსურდია ამის აღნიშვნის აუცილებლობა, მაგრამ თუ არჩევანი დგას ოქროს მოპოვებას და მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლის შენარჩუნებას შორის, მაშინ, ჩვენი ღრმა რწმენით, არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს, რადგან პერსპექტივაში, ეს უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და რეგიონში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობისთვის, ვიდრე ის ოქრო, რომელსაც დღეს ესა თუ ის კერძო კომპანია მოიპოვებს.
ამბობენ, რომ ნებისმიერ ერს ჰყავს ის მთავრობა, რომელსაც იმსახურებს და თუ დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს ისეთი მთავრობა, რომელიც სათანადოდ არ იცავს მის კულტურას და ისტორიას. ამის მიზეზი ჩვენ, საზოგადოებამ ჩვენს ინერტულობასა და გულგრილობაში უნდა ვეძებოთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი პროტესტი დაგვიანებული არ არის და საყდრისის ბარბაროსული აფეთქებისა და დღეს იქ მომუშავე ბულდოზერების ხმა მაინც გამოგვაფხიზლებს. წერს თბილისის ხმის დამფუძნებელი კონსტანტინე ჯაფარიძე თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
Opmerkingen